საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ მისთვის გასაგებია ქართველი ხალხის შეშფოთება რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.
ელჩის თქმით, "საკითხავია, რატომ ხდება ეს ახლა და რატომ აძლევს პუტინი ქართველ ხალხს საჩუქარს". მისი თქმით, ქართველებისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, პუტინს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეესრულებინა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაეყვანა.
"ჩემთვის გასაგებია ქართველი ხალხის შეშფოთება რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ჩნდება კითხვა, რატომ ხდება ეს ახლა, რატომ აძლევს პუტინი "საჩუქარს" საქართველოს ახლა, მაშინ, როდესაც უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ მან გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და წაიღოს უკან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ქართველი ხალხისთვის, რადგან ყველამ იცის, რომ პუტინი საზღაურის გარეშე არაფერს აკეთებს სხვაგვარად. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნებოდა თუ ის შეასრულებდა პირობებსა და შეთანხმებას, რაც 2008 წელს დაიდო", - განაცხადა კელი დეგნანმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან, ანუ დღეიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.
***
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.
ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.